დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ვიწრო სპეციალისტების დეფიციტია. რომელი დარგია ყველაზე სუსტი რგოლი - ექსპერტის შეფასება

საქართველოში ვიწრო სპეციალისტების დეფიციტია. რომელი დარგია ყველაზე სუსტი რგოლი - ექსპერტის შეფასება

2023-02-23 22:11:27
  • საქართველოში მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების დამაბრკოლებელ მთავარ მიზეზად კადრების დეფიციტი სახელდება.

ამ მხრივ პროფესიული გადამზადების სასწავლებლების როლი მნიშვნელოვანია, რადგან როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, არსებობენ პროფესიები, რომლის კადრი საქართველოში საერთოდ არ არის, ხოლო სადაც მუშახელი მეტ-ნაკლებად არის, იქაც კი კვალიფიკაციის დიდი პრობლემაა.

როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე Business Insider Georgia- სთან ამბობს, განსაკუთრებით დეფიციტურია ვიწრო სპეციალობის კადრი.

მისივე თქმით, სასწავლებლების უმეტესობა 2 ან 3-წლიანი პროგრამით ამზადებს სპეციალისტებს და ამით ადამიანი აკადემიურ ცოდნას ვერ იღებს.

ცხადია, ეს არ ამცირებს პროფესიული კოლეჯების როლს და სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ კადრების გარკვეული ნაწილი უმაღლეს სასწავლებლებში მომზადდეს.

„კადრები აბსოლუტურად ყველა სექტორში დეფიციტია, მაგრამ განსაკუთრებით აგრარულ მეურნეობაში შეიმჩნევა პრობლემა. არ გვყავს საკმარისი მუშა ხელი მეცხოველეობაში, მეფუტკრეობაში, მეხილეობაში, მემცენარეობაში, სადაც სხვადასხვა განშტოებებია, ყველას თავისებური გამოცდილება სჭირდება. ძველი კადრიდან ერთეულები შემორჩნენ, ამიტომ ახალგაზრდობა უნდა დაინტერესდეს.

სწორედ ამ მიმართულებით კადრების მოძიება უნდა გაძლიერდეს. სადაც გავიხედავთ, ყველგან პროფესიონალების დეფიციტია. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. ელემენტარულად, უნდა ვიცოდეთ, რომელი მიწა სად რა მოსავლის მოსაყვანადაა ხელსაყრელი, ამასაც თავისი გამოცდილება უნდა. გამიჭირდება, რომელიმე დარგი დავასახელო, სადაც კადრებთან დაკავშირებით პრობლემა არ არის.

მათი შევსება უნდა მოხდეს პროფესიული სასწავლებლების მეშვეობით, ასევე უმაღლეს დაწესებულებებშიც მაღალ დონეზე მომზადდნენ სპეციალისტები, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ამ დარგებში დიდი რესურსია, რასაც გამოცდილი კადრების გარეშე ვერ ავითვისებთ", - ამბობს ავთო სილაგაძე.

გარდა სოფლის მეურნეობისა, მისივე თქმით, დიდი პრობლემაა მშენებლობასა და მრეწველობის სხვადასხვა დარგში.

„მშენებლობაში, ხელოსნებიდან დაწყებული, პროფესიონალების დიდი დეფიციტია, შემდუღებელია, კალატოზი თუ სხვა, მცოდნე ადამიანები არ გვყავს. გადამზადება უნდა ძველს კადრს, ახალს - მომზადება. ძალიან ბევრი მიმართულებაა, რომელიც დეფიციტურია. ასეა მრეწველობაშიც, რომლის ცალკეული დარგები საერთოდ განუვითარებელია.

მათ შორის, ელექტრო-ტექნიკური დარგები. ინდოეთმა განავითარა და კომპიუტერულ-ტექნიკური მიმართულებით შეუძლია მსოფლიოს უამრავ ქვეყანას შესთავაზოს მომსახურება. საქართველოში ბაზა უზარმაზარია, მაგრამ ხელშეწყობა უნდა", - ამბობს ავთო სილაგაძე Business Insider Georgia - სთან.

შეგახსენებთ, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობაში კადრების სიმცირეზე გაამახვილა ყურადღება კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ანგარიშის წარდგენისას თემაზე - „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში.“

„ანგარიში მომზადდა იმ ძირეული პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, კვლავაც რჩება სექტორში თუ არა ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები, გაგვიჭირდება, ახალგაზრდების დაინტერესება. ამიტომ ტექნოლოგიების და ინოვაციების კომპონენტის გაჩენა სწორედ ახალგაზრდების დასაქმებასაც გულისხმობს“, - განაცხადა წილოსანმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები