დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამომხმარებლო ბაზარზე ყველის 90%-ზე მეტი ფალსიფიცირებულია - „შირაქი“

სამომხმარებლო ბაზარზე ყველის 90%-ზე მეტი ფალსიფიცირებულია - „შირაქი“

2023-04-04 10:00:43

ყველის მწარმოებელი კომპანია ,,შირაქის" ხელმძღვანელის ნიკოლოზ ბენიანიძის ინფორმაციით, ქართული ყველის ბაზარი ფალსიფიკაციამ წალეკა.  როგორც მეწარმე Business Insider Georgia- თან ამბობს, საკოლმეურნეო ბაზარზე ყველის 100%-ი არაეტიკეტირებულია. აქედან  კი 10% -ს ვერ აღწევს ნატურალური ყველის წილი, რაც სექტორში დიდი პრობლემის მანიშნებელია.

„ყველის მცირე გადამამუშავებელი საწარმოები მომრავლდნენ. მათ მიერ გამოშვებული ყველის უდიდესი ნაწილი არაეტიკეტირებულია. საკოლმეურნეო ბაზარზე მთლიანად ასეთი პროდუქტი იყიდება. ბაზარი ამ მხრივ საერთოდ არ კონტროლდება და ვერც წარმოება ვითარდება. სხვადასხვა დროს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  ყველის ბაზრის 90% -ზე მეტი ფალსიფიკაციას უჭირავს ან პროდუქტი სტანდარტთან შეუსაბამოა", - ამბობს ნიკოლოზ ბენიანიძე და დასძენს, რომ სარეალიზაციო ყველის უმეტესობა სინამდვილეში რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტია.

„საქართველოში დიდი რაოდენობით ირანული ფხვნილი შემოდის. შეიძლება ფალსიფიცირებული არ არის, მაგრამ პროდუქტი აუცილებლად ეტიკეტირებული უნდა იყოს და მომხმარებელმა იცოდეს, რას ყიდულობს. სინამდვილეში ასეთი ყველი არ არის რძისგან დამზადებლი პროდუქტი.

როგორც წესი,  10 ლიტრი რძისგან 1 კილო ფხვნილი მიიღება. ეს ნიშნავს, რომ ცილა არის მკვდარი ანუ სასარგებლო ნივთიერებები მინიმუმზეა დაყვანილი. ვერ ვიტყვი, რომ საწამლავი და საზიანოა, მაგრამ არც ისე სასარგებლოა, როგორც ნედლი რძისგან გაკეთებული ყველი.

ამიტომ მომხმარებელმა უნდა იცოდეს, ნატურალურს თუ დაბალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტს ყიდულობს. ნატურალური ყველი მხოლოდ საღი რძისგან მზადდება", - ამბობს ,,შირაქის" ხელმძღვანელი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს ყიდულობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

35 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები