დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგოსექტორში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო - სოსო ფხაკაძე

ენერგოსექტორში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო - სოსო ფხაკაძე

2024-04-07 10:25:00

ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი სექტორი, სადაც რეალურად შეიძლება შემოვიდეს მსხვილი ინვესტიციები არის ენერგეტიკა, - ამის შესახებ მედიას ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BAG-ის ეგიდით ეკონომიკის მინისტრისა და ენერგოსექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ბიზნესასოციაციას, რომელიც მთლიანად ენერგეტიკის სექტორს დაეთმო. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი სექტორი, სადაც რეალურად შეიძლება შემოვიდეს მსხვილი ინვესტიციები არის სწორედ ენერგეტიკა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლების მხრიდან იმ სუბიექტებთან საუბარი, რომლებიც სექტორს წარმოადგენენ და საკმაოდ ბევრი კომპანია ესწრებოდა ამ შეხვედრას“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

BAG-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს, გარკვეულწილად ენერგეტიკის სექტორი განაპირობებს.

„ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები და ამ ზრდის შენარჩუნებაში ენერგეტიკის სექტორს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას ღიად ვესაუბრეთ გამოწვევებზე, რომელიც არის ამ სექტორში. გარკვეული წლების განმავლობაში წამახალისებელი სქემები იყო შეჩერებული, რამაც ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების კლება გამოიწვია.

მოხარულები ვართ, რომ ბოლო წლებში ეს განახლდა და ჩატარდა ჯერ ერთი CFD აუქციონი, შემდეგ მეორე და ძალიან ბევრი ახალი სუბიექტი დაემატა ენერგეტიკის სექტორს.

განახლებადი ენერგეტიკის წყაროების განვითარება, გლობალური ტრენდია, მითუმეტეს ისეთ ქვეყნებსა და ისეთ გარემოში სადაც მოთხოვნა ელექტროენერგიაზე ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება და ამ მხრივ საქართველო არ არის გამონაკლისი“, - განაცხადა ფხაკაძემ.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაჟღერდა. დღეს გამოცხადდა CFD მეორე აუქციონის შედეგები და მედიანური ფასი.

„ხელისუფლებასთან ეფექტიანი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. დარგში მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ გაჩერებული იყო CFD აუქციონი, მნიშვნელოვანია ურთიერთობა მოსახლეობასთან, ენერგოსექტორის განვითარება სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, რათა რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ამ სექტორში“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები