დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვა იწყება

ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვა იწყება

2023-04-04 14:40:43

ციფრული მმართველობის დანერგვის მიზნით, ენგურჰესს ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ წარმომადგენლები ეწვივნენ. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, უცხოელმა სპეციალისტებმა თაღოვანი კაშხლის ტერიტორია დაათვალიერეს, აქ არსებულ ნაგებობებს დეტალურად გაეცნენ და ორგანიზაციაში მოქმედი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემის დონის შესაფასებელი სამუშაოები ჩაატარეს. ციფრული მმართველობის დანერგვისთვის საჭირო ტექნიკური დავალების გასაწერად, ავსტრიელი ექსპერტების ძირითად ამოცანას ენგურჰესის საკონტროლო სისტემის შემოწმება და საოპერაციო სამსახურის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციის მიღება წარმოადგენს. 

“გლობალურ სამყაროში ციფრული ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ კი ამ ინიციატივით საწარმოს მართვის პროცესს ვამარტივებთ, რათა მოხდეს ყველა იმ რისკის გადაზღვევა, რაც ადამიანურ ფაქტორზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, დაგეგმილია ენერგეტიკული ბირჟის გაშვება. შესაბამისად, რეფორმების ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ივაჭრებს და რა სტრატეგიით წავა კომპანია. ამასთანავე, ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამინდის პროგნოზთან, ჰიდროლოგიასა და საწარმოო-ტექნიკურ მდგომარეობასთან, ციფრული მმართველობით გადაზღვეული იქნება,“- განაცხადა ენგურჰესის კომერციულმა დირექტორმა ირაკლი შენგელიამ.

 „ჰიდროელექტროსადგურებში მუშაობის გამოცდილების კუთხით, ჩვენი ორგანიზაცია ევროპაში ერთ-ერთი წამყვანია. მოხარულები ვართ, რომ  ენგურჰესის საოპერაციო ტექნოლოგიების შეფასების მიზნით, სწორედ ჩვენ მოგვიწვიეს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ უნდა გავცეთ რეკომენდაციები, რომლებიც ჰესის უფრო ეფექტური ფუნქციონირებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვმუშაობთ ქართულ კომპანია „იუჯითისთან“ ერთად, რომელთა მოწვევითაც აქ ვიმყოფებით. ამ ვიზიტის მიზანია საოპერაციო სისტემის პერსონალთან გასაუბრება, რათა მივიღოთ ყველა ის ინფორმაცია თუ ცოდნა, რაც სიტუაციის შეფასებისთვის გვჭირდება. აქ პირველად ვარ და ვხედავ, რომ ეს არის ძალიან დიდი საწარმო, რომელიც მონიტორინგის სისტემის სრულ პაკეტს მოითხოვს და ამ პროცესში ძალიან ბევრი ტექნიკური აღჭურვილობაა ჩართული,“ - განაცხადა ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ საკონსულტაციო და მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვილფრიდ რაიხმა.

 „აღნიშნული პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველ რიგში, ეს არის ენგურჰესში ინფორმაციული ტექნოლოგიების დონის შეფასება. კერძოდ, რა დონეზე და რა სახის ტექნოლოგიებია აქ გამოყენებული, რამდენად პასუხობს ის თანამედროვე მოთხოვნებს, რა შესაძლელობა გვაქვს იმისა, რომ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომ მართვა უფრო ეფექტური გავხადოთ და წარმოების ხარისხი გავაუმჯობესოთ. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მონაცემების მიღება სხვადასხვა სენსორიდან ეფექტურად და სწრაფად მოხდება, შესაბამისად, რეაგირების ხარისხი და დრო გაუმჯობესდება. ეს კი ელექტროენერგიის გამომუშავებაზე პირდაპირ აისახება და რაც მთავარია, საშუალებას მოგვცემს, გრძელვადიანად დავგეგმოთ სარემონტო სამუშაოები, სწრაფად მივიღოთ ინფორმაცია, რამე პრობლემა ხომ არ აქვს რომელიმე დანადგარს და ა.შ. ვინაიდან ენგურჰესი ბაზარზე გასვლას აპირებს, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია დაგეგმვისა და ანალიტიკის ნაწილი,“- განაცხადა ტენდერში გამარჯვებული კომპანია „იუჯითის“ ბიზნეს განვითარების დირექტორმა ზურაბ მაღრაძემ. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში გამოცხადდა ტენდერი, რომელიც ენგურჰესის ციფრულ მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ეს ინიციატივა მოიცავს 3 ეტაპს: 1. არსებული სიტუაციის აუდიტი, ანალიზი და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა, 2. შესაბამის მოწყობილობებთან ერთად პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და 3. ციფრული მმართველობის დანერგვა.

 აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „იუჯითიმ“, რომლის ქვეკონტრაქტორიც არის ავსტრიული კომპანია „ვერბუნდი“ (მისი 51%-ის მფლობელია ავსტრიის სახელმწიფო).  სწორედ ამ პროექტის პირველი ეტაპის განხორციელების მიზნით ჩამოვიდნენ ავსტრიელი ექსპერტები საქართველოში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სამუშაო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილესთან, რომეო მიქაუტაძესთან. უცხოელი სპეციალისტები  აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოშიც იმყოფებოდნენ. ავსტრიელი ექსპერტები ადგილზე განთავსებული ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები