დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხაჭაპურის ინდექსი 19.7%-ით გაიზარდა - ISET

ხაჭაპურის ინდექსი 19.7%-ით გაიზარდა - ISET

2023-02-07 04:25:03

ISET-ის შეფასებით, 2023 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურ ჭრილში გაიზარდა და 6.88 ლარსა (ბათუმი) და 7.25 ლარს (თელავი) შორის მერყეობდა.

ხაჭაპურის საშუალო ფასმა 6.93 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვრის მაჩვენებელს 19.7%-ით აღემატება.

თვიურ ჭრილში საშუალო ღირებულება 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 0.8%-ით ნაკლები იყო.

„ფასებს დეტალურად თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ იანვარში წლიურმა ინფლაციამ ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასზე იმოქმედა: ყველი (+24.9%), რძე (+17.6%), საფუარი (+16.4%), კარაქი (+12.6%), ფქვილი (+10.9%), კვერცხი (+9.5%).

წლის ამ პერიოდში ფასების ზრდას, როგორც წესი, ადგილობრივი რძის წარმოების შემცირება და იმპორტირებული რძის ფხვნილით, რძის ნაღებით (მაგალითად, კარაქით) და რძის სხვა პროდუქტებით ჩანაცვლება იწვევს, რომლებიც ძირითადად უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოდის.

უკრაინაში რუსეთის ომმა რძის პროდუქტების მიწოდება შეაფერხა, რაც შესაძლოა, შესაბამისად, იწვევდეს საქართველოში იმპორტის გაძვირებას.

მართალია, საქართველოში სურსათის ფასები წლიურ ჭრილში იზრდებოდა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ფასები უკვე მეცხრე თვეა მცირდება და FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა 2022 წლის ნოემბრიდან დაწყებული წლიურ ჭრილშიც კლება დაიწყო.

როგორც წესი, საერთაშორისო ფასების შემცირება ადგილობრივ ბაზრებზე გვიან აისახება, თუმცა, თუ კლების ტენდენცია შენარჩუნდება და საერთაშორისო ფასები დასტაბილურდება, საქართველოში სურსათის ფასებზე აღმავალი წნეხი შესაძლოა მალე შერბილდეს",  - წერს ISET-ი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9,8% შეადგინა, ხოლო 2023 წლის იანვარში მცირედით შემცირდა და 9,4% -ს გაუტოლდა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები