დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Nina Zarqua Collection-ი ქართველი მომხმარებლებისთვის ახალი ხაზის წარმოებას იწყებს

Nina Zarqua Collection-ი ქართველი მომხმარებლებისთვის ახალი ხაზის წარმოებას იწყებს

2023-03-07 16:00:15

ცნობილი ქართველი დიზაინერი, Nina Zarqua Collection-ის დამფუძნებელი ნინა ზარქუა ახალი ხაზის კოლექციაზე მუშაობს, რომელიც სპეციალურად ქართველი მომხმარებლებისთვის შეიქმნება და ბიუჯეტური ფასით იქნება გამორჩეული. ფეხსაცმელების ახალი  კოლექცია ქართულ ბაზარზე გაყიდვაში ზაფხულში ჩაეშვება. 

„ჩვენ ძირითადად პროდუქციას ვაწარმოებთ საქართველოში და უცხოეთში ვყიდით. მაღალი ფასის გამო ქართულ ბაზარზე, როგორც  ძვირადღირებული ბრენდი, ვერ ვოპერირებთ, თუმცა ქართველ მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობთ სიახლეებს და სპეციალურად მათთვის ვაწყობთ ფასდაკლებებს წელიწადში 3-4-ჯერ, რომ წვდომა მეტ-ნაკლებად გაუმარტივდეთ. ახალი, ბიუჯეტური  ხაზის შექმნაც ამიტომ გადავწყვიტეთ.

კოლექცია მთლიანად  ქართველი მომხმარებლებისთვის შეიქმნება და გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება, ვიდრე მანამდე იყო. პირველ ეტაპზე ფეხსაცმელებით დავიწყებთ და ეტაპობრივად სხვა პროდუქტებიც ჩაერთვება. ვმუშაობთ ამ მიმართულებით და დეტალებში ბოლომდე ჯერ კიდევ არ ვართ გარკვეული. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ბაზარზე ზაფხულიდან ჩავერთვებით“, - ამბობს ნინა ზარქუა Business Insider Georgia-თან.

რაც შეეხება ფასს, დიზაინერის ინფორმაციით, ქართველი მომხმარებლისთვის შექმნილი ზაფხულის კოლექციის ღირებულება საშუალოდ 550-650 ლარის ფარგლებში იქნება.

ცნობისთვის, დიზაინერ ნინა ზარქუას ბრენდი Nina Zarqua Collection  2016 წელს შეიქმნა და მან მალევე დაიპყრო არაერთი მომხმარებლის გული. დიზაინერი ქმნის არა მხოლოდ ფეხსაცმელს, არამედ სამკაულებს, ჩანთებსა და მაისურებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები