დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„პოპორელის“ წიწაკის სოუსები შესაძლოა, ინდოეთისა და ჩინეთის ბაზარზე გამოჩნდეს

„პოპორელის“ წიწაკის სოუსები შესაძლოა, ინდოეთისა და ჩინეთის ბაზარზე გამოჩნდეს

2024-03-27 17:02:00

ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო “ქართული აგროპროდუქტი”, რომელიც ბაზარზე ორი ბრენდით „კეთილი და პატიოსანით“ და „პოპორელითაა“ წარმოდგენილი ექსპორტის გაფართოებაზე ინტენსიურად მუშაობს. 

პოპორელი მეგრული სიტყვაა, რაც აყვავებულს ნიშნავს. სიტყვის მნიშვნელობა „პოპორელის“ პროდუქციის ორიგინალურ შეფუთვაზეც აისახა. 

როგორც Business Insider Georgia-სთან “ქართული აგროპროდუქტის” დირექტორმა და პარტნიორმა იოსებ მანჯავიძემ განაცხადა, კომპანიის მიერ მოხდა საწებლების ძველი რეცეპტების შეგროვება და დღეს „პოპორელი“ ბაზარზე 7 სახეობის საწებლითაა წარმოდგენილი. 

„პოპორელი“ - ეს ჩვენი მეორე ბრენდია. მანამდე გვქონდა „კეთილი და პატიოსანი“. ჩვენი საწარმო არასტანდარტული ხილისგან აწარმოებს პიურეებს, გვქონდა ბოსტნეულის პიურეებიც. შესაბამისად დაიბადა იდეა, რომ გაგვეკეთებინა სოუსების ხაზიც. როდესაც სოუსების რეცეპტურაზე დავიწყეთ ფიქრი, დავაფინანსეთ აგროტური. ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგა ქეთი კვიჭიძე, რომელიც არის გასტრო ექსპერტი და მან მოიარა მთელი საქართველო. ავიღეთ ძველი ქართული რეცეპტები ყველა რეგიონიდან. ასეთი რეცეპტები საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგვიგროვდა, თუმცა ამ ეტაპზე ამოვარჩიეთ 7 და დავიწყეთ წარმოება. ჩვენი კონცეფცია არის ასეთი, რომ ყველაფერს ვაკეთებთ შაქრის დანამატების გარეშე და გვაქვს აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტი“, - აღნიშნა იოსებ მანჯავიძემ. 

დღეს „პოპორელი“ აერთიანებს პომიდვრის, შინდის, კივის, მწვანე და წითელი წიწაკის საწებლებს ვაშლის დანამატით, ასევე აწარმოებს ტყემალს და  წოწოლას, რომელიც არის ტყემლისა და ჭარხლის საწებელი. ხოლო უახლოეს მომავალში „პოპორელი“ ბაზარზე გამოიტანს ​ისრიმ-მაყვალსა და ალუნს (ალუბლის საწებელი).

ტრადიციული სოუსისა და საწებლის ბრენდის „პოპორელის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ევროპროდუქტში, ფრესკოსა და ვანპრაისში. 

„სხვა ქსელებში შესვლა ძალიან გვიჭირს, რადგანაც ბევრ წინააღმდეგობებს ვაწყდებით. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ყველას აქვს თავისი პროდუქტი. მაგალითად „ნიკორას“ აქვს საკუთარი N1, „სპარსაც“ საკუთარი ხაზი აქვს და ასე შემდეგ. ეს კარგი არ არის და გამოდის, რომ სხვა ბრენდები არაკონკურენტულ გარემოში ხვდება. გვინდა, რომ ამ საკითხზე სხვადასხვა მწარმოებლებთან გარკვეული შეხვედრებიც ვაწარმოოთ. თითქმის ყველა მწარმოებელი უკმაყოფილოა ჩვენი რითეილის ასეთი ქცევით, იმიტომ რომ მაქსიმალურად არ უწყობენ ხელს ადგილობრივ წარმოებას. სხვა ქვეყნებში ასე არ ხდება. 

რითეილ ასოციაციამ მოაწყო შეხვედრა მწარმოებლებთან, მიგვიყვანეს და აქეს და ადიდეს რითეილი.  მერე თითოეული ქსელის წარმომადგენლებთან უნდა გვქონოდა შეხვედრა და ფაქტობრივად არავინ არ მოვიდა მარტო შევხვდით „უნივერსამს“. 

თუ ასე გაგრძელდა ძალიან გაუჭირდებათ ადგილობრივ მწარმოებლებს“, - აცხადებს “ქართული აგროპროდუქტის” დირექტორი და პარტნიორი იოსებ მანჯავიძე.

რაც შეეხება ექსპორტს, კომპანია საექსპორტო არეალის მაქსიმალურად გაფართოებას და კონკრეტულ საექსპორტო ბაზარზე მორგებული პროდუქტების წარმოება/შეთავაზებას გეგმავს.

„​ექსპორტთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ამერიკაში, საფრანგეთსა და რუსეთში უნდა გავგზავნოთ „კეთილი და პატიოსანის“ მორიგი პარტია და იგივე ჩვენმა პარტნიორებმა მოითხოვეს „პოპორელის“ ნიმუშები. რეალურად რუსეთიდან სოუსების პირველი პარტია უკვე შეკვეთილია და ეტიკეტების შეთანხმების შემდეგ, დაახლოებით 10 დღეში გავაგზავნით.

მალე ნიმუშებს გავგზავნით ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე ინდოეთთან მიდის მოლაპარაკებები. თუმცა ინდოეთთან ჯერჯერობით მხოლოდ „კეთილი და პატიოსანის“ გატანაზე ვსაუბრობთ და შემდეგ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს „პოპორელის“ შეტანაზეც, რადგანაც ინდოეთში უყვართ მწარე და გვაქვს იდეა, რომ წიწაკის სოუსების ვერსიები შევთავაზოთ ინდოეთს, ასევე ჩინეთს“, - აღნიშნა  “ქართული აგროპროდუქტის” დირექტორმა და პარტნიორმა იოსებ მანჯავიძემ.

დღეისათვის “პოპორელის“ 25 რეცეპტი გაქვს დამუშავებული და ახალი გემოების და საწებლების დამატება ეტაპობრივად მოხდება. 

აღსანიშნავია, რომ “ქართული აგროპროდუქტი” წარმოების პროცესში ადგილობრივ, არასტანდარტულ ხილსა და ბოსტნეულს იყენებს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები