დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პროდუქციის 90%-ს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, მოთხოვნა უცხოეთშიც იზრდება - „მარნეულის“ ქარხანა

პროდუქციის 90%-ს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, მოთხოვნა უცხოეთშიც იზრდება - „მარნეულის“ ქარხანა

2023-04-02 01:38:08

მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის 90%-ი ადგილობრივ ბაზარზე  იყიდება, 6%-ი აშშ-ს და 4%-ი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.

როგორც Business Iisider Georgia-თან საწარმოს ხელმძღვანელმა ვანო ცუკილაშვილმა განაცხადა,  „მარნეულის“ პროდუქციაზე მოთხოვნა უცხოეთის ბაზრებზე ყოველწლიურად იზრდება და იქ ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი ტყემალის საწებელაა.

ცუკილაშვილის თქმით, მარნეულის სასურსათო ქარხანა 50 დასახელების პროდუქციას აწარმოებს, მიმდინარე წელს კი დაგეგმილია როგორც ასორტიმენტის გაზრდა, ასევე მოცულობისაც.

რაც შეეხება წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს, ცუკილაშვილის განმარტებით, წლიურ წარმოებაში ნედლეულის 70 % -ს ჰოლდინგში შემავალი კომპანიიდან, ხოლო დანარჩენს ფერმერებისგან იბარებენ.

„ნედლეულის ძირითად ნაწილზე გვაქვს დადგენილი ფასი, ხოლო ნაწილზე მივყვებით ბაზრის ტრენდს. ყველაზე დიდი რაოდენობით ვაწარმოებთ ტომატ-პასტას, ტყემალსა და კიტრის მწნილს“,-  აცხადებს საწარმოს ხელმძღვანელი.

„მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ ეტაპობრივად მიმდინარეობს მანქანა-დანადგარების განახლება.

ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია მარნეულის სასურსათოს ქარხნის მიერ წარმოებული მურაბები და ჯემები და როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის 10 %-ს სწორედ მურაბები და ჯემები იკავეს, ხოლო ყველაზე მოთხოვნადი მათ შორის არის ატმის, ვაშლის, ქლიავის ჯემები და კაკლის მურაბა.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა"  2007 წელს დაარსდა და საქართველოში საკვების მწარმოებელი ყველაზე დიდი საწარმოა. 

როგორც მენეჯმენტი აცხადებს, დაარსების დღიდან უამრავი ინვესტიცია განხორციელდა ქარხნის გათანამედროვებისთვის, რათა პროდუქცია თანამედროვე სამყაროს სტანდარტებს სრულად შეესაბამებოდეს. 2007 წელს დამონტაჟდა იტალიური დანადგარი FENCO, რაც ქარხანას საშუალებას აძლევს სეზონზე 30 000 ტონა ნედლეული ჩაიბაროს და გადაამუშაოს. გერმანულ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად  ქარხანამ მიიღო ინფორმაცია და შემდეგ დაამონტაჟა რამდენიმე საწარმოო ხაზი.  დღესდღეობით მარნეულის სასურსათო ქარხანა ფლობს ევროპის ლიდერი კომპანიების დანადგარებს:  Fenco, Niko, FAM, PETEK, Krones AG, etc.

„ჩვენს პორტფოლიოს მუდმივად ვაახლებთ და ვაფართოებთ და ვცდილობთ ქართული ბაზრის სრულად მოცვასა და დაკმაყოფილებას. ქარხანა მომხმარებელს სთავაზობს 50 ზე მეტი სახეობის, სხვადასხვა გემოს პროდუქციას, სხვადასხვა ფორმატში.  ჩვენი ქარხნის პროდუქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია "სრულად ქართულობა ", რაც გულისხმობს იმას, რომ გამოყენებული ნედლეული მთლიანად საქართველოდანაა. ნაწილს ქარხანა იბარებს პარტნიორი კომპანია „მარნეული აგროსგან", ნაწილს კი 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან“, - აცხადებენ კომპანიაში. 

კომპანიის მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტი და გაძვირებული კომუნალური გადასახადები რჩება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები