დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ ძვირდება ავტომობილები ადგილობრივ ბაზარზე და  როგორი იქნება 2023 წლის ტრენდი - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

რატომ ძვირდება ავტომობილები ადგილობრივ ბაზარზე და როგორი იქნება 2023 წლის ტრენდი - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

2023-02-25 00:16:28

ავტომობილების რეექსპორტმა წლის დასაწყისიდანვე წარმატებით აიღო სტარტი. მარტო იანვარში ქვეყნიდან გასული ავტომობილებიდან ბიზნესმა $100  მილიონის  შემოსავალი მიიღო, როცა 2022 წელის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $30 მილიონს შეადგენდა.

რაც შეეხება ფასს, პანდემიისას დაწყებული გაძვირების ტენდენცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. ამ მხრივ ვერც გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებმა მოახდინეს გავლენა.

კერძოდ, როგორც საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელი Business Insider Georgia - სთან ამბობს, აშშ-ში ავტომობილები ბოლო პერიოდში 5%-ით გაიაფდა, თუმცა საქართველოში საწინააღმდეგო ტენდენციაა, რაც ლოგისტიკის მაღალი ხარჯით არის განპირობებული.

„საზღვრები პანდემიის გამო დიდხანს იყო  ჩაკეტილი. შემდეგ რეგიონში ომი დაიწყო და გარკვეული პრობლემა შეგვექმნა. მართალია, საომარი მოქმედებები გრძელდება, მაგრამ ავტომობილების ბიზნესი საგრძნობლად გამოცოცხლდა.

ახლა მაქსიმალურად ხდება აღდგენა. სამწუხაროდ, უკრაინის ბაზარზე დიდი დანაკარგი გვაქვს, მაგრამ სეგმენტი არ დაგვიკარგავს, მცირე რაოდენობით მოთხოვნა დღესაც შეიმჩნევა.

ვიმედოვნებთ, რომ უკრაინა  რეექსპორტში გაიუმჯობესებს პოზიციებს. სამაგიეროდ, დიდი აქტიურობაა შუა აზიის ქვეყნებში. მარტო ყაზახეთის ბაზარზე წელს რეექსპორტის ზრდამ 300% შეადგინა. ამ ეტაპზე პრობლემა ტრანსპორტირების მაღალი ხარჯია, აშშ-ში 5 %-ით გაიაფდა ავტომობილები, მაგრამ ჩვენთან 30-40%ით გაძვირდა. ამაზე მეტად არის ლოგისტიკა გაძვირებული, ამიტომ გლობალური პროცესების გავლენა ადგილობრივ ბაზარზე ვერ ავსახეთ", - აცხადებს ლაშა დარბაისელი.

კიდევ ერთი ტენდენცია, რაც ბაზარზე შეიმჩნევა, რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. თითქმის 340%-იანი მატება დაფიქსირდა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, თუმცა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსული ბაზარი არასტაბილურია და მასზე იმედის დამყარება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„რუსეთი პანდემიამდეც რეექსპორტში ყოველთვის ხუთეულში შედიოდა. დღესაც ასეა, მაგრამ რუსეთი საიმედო პარტნიორი არ არის და ამ მიმართულებით მოთხოვნა გაიზრდება თუ არა, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა", - ამბობს დარბაისელი.

რაც შეეხება შიდა ბაზარს, მისი თქმით,  ფასების ზრდამ მოთხოვნის კლება გამოიწვია. გაყიდვაშია ძირითადად ჰიბრიდები, რომლის ღირებულებაც 5 000 -6 000 დოლარის ფარგლებშია.

„შიდა ბაზარზე სახარბიელო ვითარება ნამდვილად არ არის, დაბალი მოთხოვნაა. თუ რამე იყიდება, ძირითადად ჰიბრიდული ავტომობილებია. ძირითადად მაინც გამტარ ქვეყანას წარმოვადგენთ. ჩვენთვის ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ტრანსპორტირება. ავტომობილის შეძენის შემდგომ სხვა პროცედურებია გასავლელი, ყიდვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

შემდეგ არის ტრანსპორტირება,  გასაყიდად მომზადება და ა.შ. ველოდებით იმას, რომ ლოგისტიკა ცოტა უფრო დალაგდეს, მოწესრიგდეს და შემდგომ ჩვენც ავეწყობით. თუ ავტომობილის ჩამოყვანის ფასი არ შემცირდა, მაშინ ქართველი ავტოიმპორტიორი თავის სურვილით თანხას ვერ დააკლებს”, - ამბობს ლაშა დარბაისელი.

ცნობისთვის, ,,საქსტატის" მონაცემის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 98%-ით გაიზარდა. კერძოდ,  თუ 2021 წელს ქვეყნიდან 456.5 მლნ დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 903.8 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, 25%-ით გაიზარდა რეექსპორტირებული მანქანების რაოდენობაც. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნიდან 79 887 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2021 წელს კი ამ მაჩვენებელმა 63 860 ერთეული შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები