დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო აჩვენებს მკვეთრი ეკონომიკური ზრდის ეფექტს | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

საქართველო აჩვენებს მკვეთრი ეკონომიკური ზრდის ეფექტს | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-03-22 11:44:00

გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა მიმდინარე კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები მიმოიხილა. ერთ-ერთი თემა რაზეც გიორგი აბაშიშვილმა ყურადღება გაამახვილა არის  „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართული მე-11 დისკუსია, რომლის თემაც „მწვანე ენერგეტიკის პერსპექტივები და რეგულირება“ იყო. 

„გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მეთერთმეტე დისკუსია გაიმართა. თემა შეეხებოდა ენერგოპოლიტიკის საკითხებს.

„ეკონომიკური ფორუმი“ არის მაღალი რანგის პლატფორმა, სადაც მიმდინარეობს დისკუსიები სახელმწიფო სექტორს, ბიზნესს, ანალიტიკურ და აკადემიურ სექტორს შორის. გუშინდელი დისკუსიის ფარგლებში სწორედ ენერგოპოლიტიკის იმ აქტუალურ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომელიც შეეხებოდა მაგალითად „მწვანე ენერგეტიკის“ საკითხებს.

მთლიანობაში დისკუსიის ფარგლებში მნიშვნელოვანწილად აღინიშნა, რომ საქართველოს გაზრდილი ეკონომიკური აქტივობისა და ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებლების ფონზე, სულ უფრო და უფრო მეტი საჭიროება ჩნდება ელექტროენერგიის მოხმარებაზე.

დისკუსიის ფარგლებში საუბარი იყო ასევე, თუ როგორ შეიძლება აჰყვეს არსებულ ტემპს, ვინაიდან ენერგეტიკა არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია აქ გავაკეთოთ იმაზე ბევრად მეტი ვიდრე გაქვს ამჯერად.

საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული პოლიტიკა, მათ შორის ჰესებთან დაკავშირებით, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის იდეა, რომელიც სულ ცოტახანში იქცევა პროექტად, ბუნებრივია, რომ ენერგოსექტორს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის.

საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო და უფრო მეტად ხდება დივერსიფიცირებული და მნიშვნელოვანია მასში ენერგო სექტორის წილის კიდევ უფრო მეტად გაზრდა, როდესაც ამის პოტენციალი არსებობს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

Business Insider Georgia-ს ავტორმა ყურადღება გაამახვილა ასევე მშპ-ს ზრდის მაჩვენებელზე, რომელიც საქსტატის მიერ გამოქვეყნდა. 

„გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა 2023 წლის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საქსტატის მონაცემებით და სსფ-ს მიმოხილვის მიხედვით, ევროპაში, აზიასა და ზოგადად ჩვენს კონტინენტზე არის ყველაზე მაღალი. 

2023 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 246.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 10.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2.5%-ით განისაზღვრა.

ჩვენ Business Insider Georgia-ში გვიყვარს ფაქტებით მსჯელობა, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იყო 7,5%-ი, მაშინ როდესაც ევროპის მთლიანი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 1%-ია, ევროკავშირის მაჩვენებელი კი 0,7%-ია. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი კი 3%-ს შეადგენს. რეგიონის მაჩვენებლებით საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა. 

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აჩვენებს მკვეთრი ეკონომიკური ზრდის ეფექტს და მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაითარგმნოს სხვა პარამეტრებშიც.

როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია თუ როგორ აისახება ეს ზრდა საქართველოს მოსახლეობაზე. საქართველოს ეკონომიკის გამოწვევა არის დივერსიფიცირება, მაგრამ წლიდან წლამდე, კვარტლიდან კვარტლამდე ხდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გადანაწილება სხვადასხვა სექტორებზე.

მაგალითად, 2023 წლის მაჩვენებლებით გამოკვეთილია ისეთი წამყვანი დარგები როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, განათლების სექტორი, მეცნიერების, პროფესიული განვითარებია ნაწილი. 

თუ დავაკვირდებით IT სექტორს, აქ ზოგადად ზრდაა დაფიქსირებული, როგორც საშუალო ხელფასის მაჩვენებლებით ისე დასაქმებულთა რიცხოვნობით. დიდწილად  IT სექტორის განვითარება გამოწვეულია რელოკაციის შედეგად, როდესაც საქართველო აირჩიეს საქმიანობის ადგილად კომპანიებმა, რომლებიც ქვეყანაში შემოვიდნენ.

ასევე მნიშვნელოვანია, მიმოვიხილოთ განათლების სექტორიც, რომელიც სულ უფრო და უფრო მზარდ როლს იკავებს მშპ-ს ფორმირების ნაწილში.

განათლებაში მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებიდან მიღებული შემოსავლები და ეს შემოსავალი არ არის მხოლოდ განათლებასთან დაკავშირებული შემოსავლები, ეს არის შემოსავლები, რომელიც უკავშირდება მათი ცხოვრების ხარჯებს.

ამ კუთხით საქართველოში დაგეგმილი განათლების რეფორმები, მაგალითად, რეფორმა რომელიც შეეხება 3 წლიან ბაკალავრიატს ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით და 1-წლიან მაგისტრატურას დარწმუნებული ვარ უცხოელი სტუდენტებიდან შემოსავლებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

განათლების სექტორის მნიშვნელობას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ წლების განმავლობაში განათლების სექტორი არ იყო ასე ჩართული მშპ-ს ფორმირებაში.

უკვე ვხედავთ, რომ განათლების სექტორი დომინირებს. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაში მაქსიმალურად ყველა სექტორის ჩართულობაზე ეტაპ-ეტაპ ხდება ყველა სექტორის შემოყვანა ეკონომიკაში და მნიშვნელოვანია, რომ ხელფასების ზრდის მაჩვენებელი თანაბრად ნაწილდებოდეს ეკონომიკის ყველა სექტორზე“, - აღნიშნა აბაშიშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები