დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთში საწვავი გაძვირდა, რა სარგებელს მიიღებს საქართველო - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

თურქეთში საწვავი გაძვირდა, რა სარგებელს მიიღებს საქართველო - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

2023-07-19 18:00:06

თურქული ლირის გაუფასურებამ ქვეყანაში ნავთობპროდუქტების გაძვირება გამოიწვია, რაც ქართულ ბაზარზე დადებითად აისახება. ბოლო წლების განმავლობაში პირველად, თურქეთში საწვავის ღირებულებამ საქართველოში არსებულ ფასებს გაუსწრო.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი Business Insider Georgia- თან აცხადებს, რომ საქართველოში ტრანზიტად გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ამიერიდან საქართველოში შეიძენენ საწვავს, ხოლო შედარებით დაბალი ფასის გამო კონტრაბანდის საფრთხეც გამოირიცხება, რა მხრივაც ბაზარზე დიდი გაურკვევლობა იყო.

„თურქეთს მაღალი ინფლაცია აქვს, განსაკუთრებით მიწისძვრის შემდეგ, ამიტომ მთავრობამ შეცვალა საგადასახადო სისტემა და გაზარდა ფასი აქციზზე. შესაბამისად, შიდა საცალო ღირებულება გაზარდა, რაც ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. საქართველოში საწვავზე მოთხოვნა მოიმატებს. ტრანზიტად გამავალი მანქანების მძღოლები ჩვენს ტერიტორიაზე შეავსებენ ავზებს და დაბრუნდება ის დროც, როდესაც მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში შემოდიოდნენ საწვავის საყიდლად.

რეალურად დგება ეს მოცემულობა საქართველოსთვის, რაც დიდი სარგებელია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ეკონომიკისა და მთლიანად ქვეყნისთვის. ბოლო დროს კომპანიებში წუხდნენ რეალიზაციის შემცირების გამო, ამ მხრივ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩვენი მთავარი მოლოდინია, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე იქნება შედარებით დაბალი ფასი და მეტი გაიყიდება“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

თურქეთში ბენზინი და დიზელის საწვავი გაძვირდა დღგ-ის 20%-მდე გაზრდის გამო. ხელისუფლება თებერვლის მიწისძვრების ზარალის დაფარვას, რომელიც 100 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, გადასახადების გაზრდით მოელის.

კვირას, 16 ივლისს ღამით, თურქეთში ბენზინზე და დიზელზე ფასები 20%-ით გაიზარდა, იუწყება Yeni Akit. ეს მოხდა თვის დასაწყისში დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ზრდის გამო.

15 ივლისის წინა დღეს, ბენზინგასამართ სადგურებზე ლიტრი ბენზინი 28,05 ლირა (დაახლოებით 1,07 დოლარი) ღირდა, დიზელი კი - 26,32 ლირა (დაახლოებით 1,01 დოლარი).

სამთავრობო ჟურნალ „რესმი გაზეთში“ ფასების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ საწვავის ფასი, შესაბამისად, 34,08 ლირას (1,30 დოლარი) და 32,04 ლირას (1,22 დოლარი) შეადგენდა, აღნიშნავს გაზეთი.

წლის დასაწყისში ლიტრი ბენზინის შეძენა თურქეთში  21,14 ლირაში (0,81 დოლარი) იყო შესაძლებელი, აღნიშნავს Haberturk-ი. 

რაც შეეხება საწვავის ფასს საქართველოში, ბრენდირებულ სადგურებზე ამ დროისთვის ,,რეგულარის“ ფასი 2,59 ლარია, ,,პრემიუმი“ 2.80 ლარი ღირს, დიზელი - 2.94 ლარია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები