დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტი დაიწყო

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტი დაიწყო

2024-03-15 18:41:00

ისტორიული პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები აჭარის 39 სოფელში და დაბებში განხორციელდება.

მასშტაბური პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მლნ ევროს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში ახალი თანამედროვე სტანდარტების წყლის და წყალარინების სისტემით აჭარაში მცხოვრები დაახლოებით 6000 ოჯახი ისარგებლებს.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად დაიწყება და სოფლების ჩართვა ახალ სისტემაში, ეტაპობრივად მოხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

2024 წელს, აჭარაში, პირველ ეტაპზე, 24 საათიანი წყალომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემებით შემდეგი დასახლებები ისარგებლებენ: ქობულეთის მუნიციპალიტეტი: ოჩხამური, ცეცხლაური, ჯიხანჯური, ქვედა კვირიკე, მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება და ჩაქვისთავი; ქედის მუნიციპალიტეტი: მილისი, უჩხითი და ქოსოფელი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი: კირნათი და კობალეთი;

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, სამუშაოების დაწყების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის შერჩეულ ტერიტორიებზე: ოჩხამური, ცეცხლაური, ჯიხანჯური, ქვედა კვირიკე, მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება და ჩაქვისთავი, ექვსი წყლის რეზერვუარი, ოთხი სათავე ნაგებობა, ხუთი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და წყალარინების სეპტიკური ავზები აშენდება.

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, პროექტში ფინანსური კონტრიბუცია ასევე KfW ბანკმა და ევროკავშირმა განახორციელა.

ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონიას აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოში გერმანიის საელჩოს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW, „აჭარის წყლის ალიანსის“ წევრები და მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.

 

 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები