დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 10 წლის გახდა

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 10 წლის გახდა

2024-03-19 11:00:00

თბილისში, საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას მე-11-ე პავილიონში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია იმართება. 

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლებით გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სააგენტოს ბენეფიციარები.

10-წლიანი არსებობის მანძილზე სააგენტომ, პრაქტიკულად, ნულიდან შექმნა ძლიერი ინოვაციების ეკოსისტემა, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი სტარტაპი, საგრანტო დაფინანსების ოდენობამ  კი 38 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ შედეგად, დაფინანსებულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს. ამასთან, საქართველოს მასშტაბით, შეიქმნა 9 ტექნოპარკი, რომლებიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეებს მათ კომერციალიზაციაში ეხმარება. ამასთან, საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში, საერთო ჯამში 80 პროექტი დაფინანსდა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო რეგიონულ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ყალიბდება -  GITA-ს ინიციატივით, ქვეყანაში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ სამ აქსელერატორში შემავალი, მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა „500 Global“, რომელიც  საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს ქართულ სტარტაპებთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპების მონაწილეობით. ამასთან, საქართველოში შეიქმნა პირველი ვენჩურული ფონდი 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით, სადაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 25%-იანი თანამონაწილეობით არის წარმოდგენილი.

ასევე საქართველოს მთავრობის მიერ IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, საქართველოში 120 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა, რომელთაც, 2023 წლის 12 თვის მონაცემებით,  ხელფასის სახით მილიარდი ლარი გასცეს, შეიქმნა 10 000 - ზე მეტი სამუშაო ადგილი.

საიუბილეო ღონისძიებაზე GITA -ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე სააგენტოს არსებობისა და განვითარების ათწლიან პერიოდსა და საქმიანობაზე ვრცლად ისაუბრებს, ასევე დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმებს და ახალ ინიციატივებს გააცნობს, კერძოდ: 

  • საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები;
  • ასევე დამატებით განისაზღვრება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს შეეძლებათ, თავიანთი R&D დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და R&D დანახარჯების 30% დაიბრუნონ გრანტის სახით;
  • ასევე კომპანიები, რომლებიც R&D საქმიანობას ეწევიან, გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებთან და მოგებისა და საშემოსავალო გადასახადი შეუმცირდებათ 5%-მდე;

საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით განისაზღვრა ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს გლობალური დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტების საქართველოში შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

1.ხელოვნური ინტელექტი - დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე შეუძლებელია გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვირდება. საქართველოში შეიქმნება სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციაზე - განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით.

2. ფაგები - ფაგებზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება, რაც გამომდინარეობს ანტიბიოტიკების რეზისტენტულობიდან ბევრი ინფექციის თუ დაავადებების მიმართ. საქართველოს ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი  გამოცდილება აქვს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია, მსოფლიოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები შესთავაზოს ფაგების მიმართულებით.

3. აგროტექნოლოგიები - ამ სექტორში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა, რაც ქართველი ფერმერების პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას გაზრდის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები