დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქონების სააგენტო ახალციხეში, ურაველის ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების მიზნით აუქციონს აცხადებს

ქონების სააგენტო ახალციხეში, ურაველის ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების მიზნით აუქციონს აცხადებს

2024-03-15 18:20:00

საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტო ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურაველში მდებარე 10543.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული N1-N8 შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი N62.18.51.320) პრივატიზების მიზნითს ელექტრონულ აუქციონს აცხადებს.

საწყისი საპრივატიზებო თანხა 106 000 ლარია. 

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვროს 31 800 ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 2000 ლარით.

მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 

აუქციონზე წარმოდგენილ დოლიმენტაციას თან ახლავს სოფელ ურაველის ტექნიკურ - ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა. 

კვლევის შემსრულებელია კოლიერს ჯორჯია დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი, ხოლო დამკვეთია: სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საკვლევი ობიექტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ურაველის ხეობაში მდებარეობს. ობიექტი ურაველის სოფლის ცენტრისგან მოშორებით, დაახლოებით 1.5კმ-ში ზღვის დონიდან 1,250 მეტრზე არის განთავსებული.

ურაველი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია და ხასიათდება ცივი ზამთრითა და ზომიერად თბილი ზაფხულით.

მიწის ნაკვეთი დაახლოებით 1 ჰა ზომისაა და ძირითადად ტყის მასით არის გარშემო რტყმული. ობიექტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილთან წვდომა მთავარი გზიდან პირდაპირ არის შესაძლებელი.

უშუალოდ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მიტოვებული შენობა, რომელიც ვიზუალური დაკვირვებით რეაბილიტაციის შედეგად შესაძლოა სასტუმროს ფუნქციის დანიშნულებით იყოს გამოყენებული.

ასევე, ტერიტორიაზე წარმოდგენილია 2 შენობის ნანგრევი, რომელიც სამომავლო დეველოპმენტისთვის ვარგისი არ არის. მდებარეობა - საკვლევი ტერიტორია მდებარეობს სოფ. ურაველის სამხრეთ-დასავლეთით, ერუშეთის ქედის ჩრდილო კალთებზე, ახალციხის ქვაბულში, მდ. ურაველის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. ქალაქ ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით დაშორებულია 16 კმ-ით. მისი აბსოლუტური სიმაღლე 1476.3 მ-ია.

გეოლოგია - საკვლევი არეალში გვხვდება ზედამიოცენურ-ქვედა პლიოცენური ასაკის ანდეზიტები, ანდეზიტ-დაციტები, მათი ტუფები, ბრექჩიები, კონგლომერატები, ქვიშაქვები, იშვიათად საშუალო და პლასტიკური დოლერიტული ნაფენები (გოდერძის, ქისათიბის წყებები და მათი ანალოგები).

ახალციხის დეპრესიაში ოლიგოცენის ნალექებს სტრატიგრაფიულად მოსდევს მიოცენ-პლიოცენის კონტინენტურ- ეფუზიური ქანები, რომლებიც გეოლოგიაში „გოდერძის წყლების“ სახელწოდებით არის ცნობილი; მათ შორის ტუფები, ტუფოკონგლომერატები, შიდაფორმაციული ანდეზიტებისა და ანდეზიტდაციტების განფენებით, დიატომიტები, ტუფდიატომიტები, თიხებისა და სუსტად შეცემენტებული ქვიშაქვების შუაშრეები. გეომორფოლოგია – საკვლევი არეალი წარმოდგენილია ერუშეთის ქედის კალთების ძირში, ახალციხის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთით, ასევე მოიცავს ერუშეთის სინკლინორიუმს, ტექტონიკური დეპრესიისა და მდინარე ურაველის ანტიცედენტურ ხეობას.

ჰიდროგრაფია – საკლევ არეალში ჩამოედინება მდინარე ურაველი, რომელსაც სათავე აქვს ერუშეთის მთიანეთის ჩრდილოეთ კალთაზე. საზრდოობს თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე აქვს,

წყალმცირობა – ზამთარში. შემოდგომაზე წყალმოვარდნა იცის. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,5 მ3/წმ. გამოყენებულია თევზსაჭერად, ჰესების მშენებლობისათვის და სარწყავად. სოფელ ურაველში გვხვდება ურაველის მინერალური სამკურნალო წყალი – ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანად. ამ წყლის სამკურნალო თვისებების გამო ურაველი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია.

ჰავა – მაღალმთიანი სტეპური კლიმატი ცივი მცირე თოვლიანი ზამთრით და ხანგრძლივი თბილიზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,8 °C, აგვისტოსი – 20,5 °C. ნალექები დაბალ ზონაში 520 მმ- ს არ აღემატება წელიწადში, მოსაზღვრე ქედების კალთებზე კი 1200 მმ-ს არ აღწევს. ნალექების მაქსიმუმიმოდის მაისსა (64 მმ) და ივნისში (86 მმ), მინიმუმი – ზამთრის თვეებში (იანვარი – 20 მმ, თებერვალი – 25 მმ). ნიადაგები – საკვლევ არეალში გვხვდება ტყის რუხ-ყავისფერი და ყავისფერი ნიადაგები. ტყესტეპის ლანდშაფტია, ქვაბულის ფარგლებს გარეთ, 2000-2200 მ-მდე ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებულია მთის ტყის, უფრო ზემოთ – მთა-მდელოს ლანდშაფტი.

ფაუნა – საკვლევ არეალის მუნიციპალიტეტში გვხვდება ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, წავი, ჭრელტყავა, ფოცხვერი, გარეული კატა, დათვი, მგელი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, ტელეუტური ციყვი (აკლიმატიზებულია), წყლის მემინდვრია, ტყის თაგვი, ბევრია გარეული მტრედი, ქედანი, გვრიტი, ყვავი, კაჭკაჭი, შოშია, მწყერი. ფლორა - მუქწიწვოვანი და წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეები, კონკრეტულად ფიჭვნარ-ნაძვნარი.

ლანდშაფტი: საშუალო მთის ეროზიულ-დენუდაციური ლანდშაფტი წიფლნარ-მუქწიწვოვანი, ზოგან ფიჭვნარი (კავკასიური ფიჭვი) ტყეები. ბუნებრივი საფრთხეები - საკვლევ არეალისა და მისი მიდამოებისთვის დამახასიათებელია ქვათაცვენები, კლდეზვავები, მეწყერები, ეროზია, მშრალი ხევების ღვარცოფული გამოვლინებები, დატბორვები და სეისმურობისას გააქტიურებული ფერდობული პროცესები. მდ. ურაველის ღვარცოფული აუზი საშუალო რისკის მატარებელია.წარმოშობის ძირითადი მიზეზია ეროზიულ-გრავიტაციული და მეწყრული პროცესები.

ცნობილია 1922-1926-1935 და 1997 წლების ღვარცოფული მოვლენები, რომლებმაც დააზიანა ადგილობრივი გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მნიშვნელოვანია საკვლევ არეალზე დაგეგმილი მეურნეობის ერთიანი საგანგებო სიტუაციების, ეროვნული საფრთხეების მართვის ზოგადი და კონკრეტული მასშტაბის პრევენციული, შემარბილებელი და თავიდან ასაცილებელი (მათ შორის ადრეული შეტყობინების) ღონისძიებათა გეგმებთან და მონიტორინგის სისტემებთან სრული ინტეგრირება ადგილზე ვიზიტორთა დაგეგმილი მიზიდულობის ფუნქციიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე.

საპროექტო ტერიტორია - უშუალოდ საპროექტო ტერიტორია არაერთგვაროვანი და რელიეფურია, ერთი მხრიდან ესაზღვრება საავტომობილო გზა, ხოლო დანარჩენი მხრიდან გარშემორტმულია წიწვოვანი ტყის მასივებით. საკადასტრო გეგმის მიხედვით, ნაკვეთზე ოთხი შენობა-ნაგებობაა რეგისტრირებული, საიდანაც ერთის მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი, ორი შენობა ფაქტობრივად დანგრეულია და მხოლოდ ერთი, სამსართულიანი შენობის ფიზიკური მდგომარეობაა დამაკმაყოფილებელი.

შენობები განლაგებულია ნაკვეთის შემაღლებულ ნაწილში და მთავარი ფასადიდან გადმოჰყურებს მდინარის ხეობასა და კლდეებს, ხოლო უკანა ფასადიდან - ტყეს. საპროექტო ტერიტორიის ეზო ან/და მინერალური საბადოების ინფრასტრუქტურა არ არის კეთილმოწყობილი. ასევე, უშუალოდ ნაკვეთისთვის მოსაწესრიგებელია სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურაც.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები