დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირება ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდება

მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირება ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდება

2023-04-04 14:47:08

„დღეს, საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში  შესატან ცვლილებებს, რომლითაც განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში, გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა სავალდებულო გახდება", - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ცვლილებები მიზნად ისახავს მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.  

მისი თქმით კანონპროექტი ხელს შეუწყობს  ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას,  გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგომარეობას და მოახდენს ქაოტური განაშენიანების პრევენციას. 

კანონპროექტით გათვალისწინებულია გამწვანების პროექტის დეფინიციის, შეთანხმების წესის და პირობების ჩამოყალიბება.

მაია ბითაძის განცხადებით, აღნიშნული მიდგომა წარმატებით ხორციელდება თბილისში 2019 წლიდან და მისი დადებითი შედეგები უკვე სახეზეა.

კანონპროექტის თანახმად, გამწვანების პროექტის წარდგენის ვალდებულება არ იარსებებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მიმართ. კანონპროექტი 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.  

მუნიციპალიტეტებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა დაადგინონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობები, აგრეთვე მწვანე ნარგავების გაშენების, მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისა და მათი საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები. 

მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტი დონორებთან და ექსპერტებთან ერთად დაეხმარება თითოეულ მუნიციპალიტეტს, რომ ისინი მზად იყვნენ კანონის მოთხოვნათა ეფექტიანი აღსრულებისთვის.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები