დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავრობამ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

მთავრობამ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

2024-03-29 18:00:00

მთავრობამ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

პროგრამა 8 აპრილიდან დაიწყება და მისი მიზანი ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა.

პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს: თანადაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების კომპონენტს.

ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, გამოიყენოს თანადაფინანსების კომპონენტი ან/და ტექნიკური დახმარების კომპონენტი.

პროგრამის თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს ბენეფიციარის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებული შემდეგი ორი სახის ხარჯის თანადაფინანსებას:

ა) ბენეფიციარის მიერ სარეიტინგო კომპანიისთვის გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯი. ამასთანავე, სააგენტო მოახდენს „საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 4 აპრილის №3 დადგენილების შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მისაღები სარეიტინგო კომპანიებისგან მინიჭებული საკრედიტო რეიტინგის მოპოვებისთვის გაწეული ხარჯის თანადაფინანსებას;

ბ) ბენეფიციარის მიერ საბროკერო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური (საკომისიო).

პროგრამის ტექნიკური დახმარების კომპონენტი ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდების ემისიისთვის საჭირო ცოდნის ამაღლების მიზნით ტრენინგის ან/და შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსებას. სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგინდება ამ კომპონენტში ჩართვისთვის მეწარმე სუბიექტის დასაშვებობის კრიტერიუმები, კომპონენტის დაფინანსების ლიმიტები/მოცულობა, ანაზღაურების წესი და სხვა პირობები.   

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მხოლოდ საჯარო შეთავაზების გზით სასესხო ფასიანი ქაღალდების განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება.

ბენეფიციარი უფლებამოსილია, პროგრამის ფარგლებში მოახდინოს ფასიანი ქაღალდების განთავსება, როგორც ეროვნულ (ლარი), ასევე უცხოურ (აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი) ვალუტებში.

პროგრამაში ერთი დასკვნის ფარგლებში დაშვებულია მხოლოდ ერთი ემისიის პროსპექტის მომზადება.

თანადაფინანსების მოცულობა და ლიმიტები:

1. ერთი დასკვნის ფარგლებში განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგის ხარჯების თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 100 000 ლარს.  

2. ერთი დასკვნის ფარგლებში განთავსებული ფასიანი ქაღალდების განსაზღვრული ბენეფიციარის მიერ საბროკერო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასურის (საკომისიო) თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს.

3. ერთი ბენეფიციარისათვის, ერთზე მეტი  დასკვნის შემთხვევაში, ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა ჯამურად შეადგენს არაუმეტეს 1 მლნ ლარს.

4. პროგრამით განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგის ხარჯის თანადაფინანსების დაანგარიშებისას გაითვალისწინება ბენეფიციარის წინა სამეურნეო წლის განმავლობაში აკუმულირებული ჯამური შემოსავალი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოცულობის ფარგლებში, შემდეგი პროპორციის დაცვით:

– 20 მლნ ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში ანაზღაურდება ხარჯის 80%;

 – 20-დან 40 მლნ  ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში ანაზღაურდება ხარჯის 70%;

– 40-დან 60 მლნ ლარის ჩათვლით შემოსავლის შემთხვევაში ანაზღაურდება ხარჯის 60%.

დეტალები აღნიშნული პროგრამის შესახებ იხილეთ აქ:

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები