დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი ქალია დასაქმებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში

რამდენი ქალია დასაქმებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში

2024-03-08 15:00:00

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 74 ქალი ფლობს. მათ შორის არიან: ქალი პილოტი - 7, ქალი ავიამეთვალყურე - 7, ქალი ბორტგამყოლი - 57 და ქალი ავიადისპეტჩერი (ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი) - 3.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ფრენის უსაფრთხოების 34 ინსპექტორს შორის 8 ქალია (24%).

რაც შეეხება სამოქალაქო ავიაციის სფეროს სერტიფიცირებული კატეგორიის გენდერული თანაფარდობის მაჩვენებლებს, საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, საქართველოშიც ამ ეტაპზე, ქალები მეტწილად ბორტგამყოლის პოზიციაზე სჭარბობენ. მიმართულებების მიხედვით, პროცენტული თანაფარდობები შემდეგია:

• საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის და ბორტინჟინრის 244 მოწმობის მფლობელთაგან - 7 ქალი პილოტია (ATPL, CPL, PPL, BPL, FEN) (3%);

• ბორტგამყოლებზე სულ გაცემულია 80 მოწმობა, აქედან - 57 ქალია (71%);

• ავიამეთვალყურის მოქმედ მოწმობას ფლობს 114 ავიამეთვალყურე, მათ შორის - 7 ქალი (6%);

• ავიადისპეტჩერის (ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი - FDL) მოწმობას სულ 24 პირი ფლობს, მათგან - 3 ქალი (13%);

• საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობას 153 პირი ფლობს. ამ ეტაპზე მათ შორის არ არიან სერტიფიცირებული ქალი ტექნიკოსები.

გარდა ჩამოთვლილი სპეციალობებისა/პოზიციებისა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ქალები დასაქმებულები არიან სხვა, არანაკლებ საპასუხისმგებლო მიმართულებებით, მაღალი რგოლის მენეჯერულ, ადმინისტრაციულ თუ დამხმარე პოზიციებზე.

STEM მიმართულებებში (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ქალთა ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი კვლავ რჩება ერთ-ერთ გლობალურ გამოწვევად. გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა და გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება მნიშვნელოვანია ისეთ ტექნიკურ დარგში, როგორიც ავიაციაა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო პერიოდულად ეწევა საავიაციო სექტორში ქალთა თანასწორუფლებიანი ჩართულობის და შესაძლებლობების რეალიზაციის თემის პოპულარიზაციას, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების საკომუნიკაციო კამპანიების მხარდაჭერას და ამ მიზნით, ქალ ავიასპეციალისტებზე ცნობიერების ასამაღლებელი ინფორმაციის გავრცელებას. ამასთან, სააგენტოს HR პოლიტიკა ითვალისწინებს ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების და შესაძლებლობების რეალიზაციას. სააგენტოს 80 თანამშრომლიდან 34 ქალია (43%).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები