დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპოლიციო გამოსახლება შეცვლილი ფორმითა და შეზღუდული უფლებებით დაბრუნდება - აკაკი ჩარგეიშვილი

საპოლიციო გამოსახლება შეცვლილი ფორმითა და შეზღუდული უფლებებით დაბრუნდება - აკაკი ჩარგეიშვილი

2023-05-17 15:00:12

 

აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ცვლილება მხოლოდ სასყიდლიანი ხელშეკრულობების ნაწილს (უწინარეს ყოვლისა, იჯარის, ქირავნობის ხელშეკრულებები) შეეხება.

ისეთი საკითხი, როგორიცაა, უკანონო შესახლებები და სხვა, კანონპროექტის ახალ ვერსიაში გათვალისწინებული არ იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ბიზნესის სამართლის სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი საუბრობს.

„ოფიციალური დოკუმენტი არ გავრცელებულა, გარდა ინფორმაციისა, რომ ქირავნობასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო პოლიციური გამოსახლება ბრუნდება, რის შესახებაც საზოგადოებამ BAG- გან შეიტყო.

მოქმედი კანონით, მესაკუთრე ვერ ახერხებს, რომ ბინიდან გამოასახლოს მოქირავნე, რომელიც არ უხდის თანხას ან საკუთრებას უდიერად ექცევა. კანონის ამოქმედების შემდეგ კონკრეტულად ამ ტიპის დავის მოგვარება პოლიციური გამოსახლების გზით იქნება შესაძლებელი.

მოქირავნესა და მესაკუთრეს შორის დასარეგულირებელი საკითხებია ანუ ამ შემთხვევაში კანონმდებლობა მხოლოდ ქირავნობის საკითხს უკავშირდება. სხვა საკითხებზე განცხადებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში მხარს ვუჭერ გამარტივებული პროცედურებით საკითხის გადაწყვეტას, რადგან ბოლო წლების განმავლობაში შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა.

ტენდენცია განსაკუთრებით რუსი და ბელორუსი მოქალაქეების შემოსვლას უკავშირდება, თუმცა ხშირია დარღვევები ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც. როგორც აღვნიშნე, ყველა პოლიციურ გამოსახლებას არ ეხება, მათ შორის ბუნდოვანია პოზიცია დევნილებისა და სოციალურად დაუცველების საკუთრებასთან მიმართებაში.

ყოველ შემთხვევაში, რაიმე ცვლილება ამ მიმართულებით გაჟღერებული არ არის. საჭიროა ფრთხილი მიდგომა, რადგან საქმე მოწყვლად ჯგუფს ეხება, რომელთა სოციალური დაცვის მეტად მყარი გარანტიებია საჭირო“, - ამბობს იურისტი.

შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის ახალ სერვისს შესთავაზებს. საკანონმდებლო ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის.

სერვისი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ გააცნეს.

ცნობისთვის, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი 2015 წელს პარლამენტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა. 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი; 2016 წლიდან პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა/გამოსახლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები