დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა, აქციზი შემცირდეს - პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო

თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა, აქციზი შემცირდეს - პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო

2024-03-26 19:00:00

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებაზე იმსჯელა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირება, სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა და ადგილობრივი გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარების სტიმულირება.

„კანონპროექტით მცირდება აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულისა და “საგადასახადო კოდექსით” აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. 

ცვლილებების გათვალისწინებით, აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირდება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და „საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე.

ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ, რომ გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია.

„საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხშია გავრცელებული. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა 314 ტონა შეადგინა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა. დარგის განვითარება ისეთი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას, როგორებიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია; კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არარსებობა; არალეგალური სიგარეტის წილის ზრდა, რომლის ფასი დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თამბაქოს ფასს უტოლდება და აღნიშნულ პროდუქტს არაკონკურენტულს ხდის. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების საფუძველზე უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი გათანაბრდა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

იმის გათვალისწინებით, რომ კანონის პროექტი აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს, ინიციატორთა მონაცემებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად დაახლოებით 24 965 047.2 ლარით შემცირდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები