დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს საკანალიზაციო ქსელის გამართულად მუშაობაზე საჩივრები გაორმაგდა

2022 წელს საკანალიზაციო ქსელის გამართულად მუშაობაზე საჩივრები გაორმაგდა

2023-04-19 18:52:55

2022 წლის განმავალობაში ენერგოომბუდსმენის სამსახურში წყალარინების ქსელის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებული საჩივრების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

2021 წელს საკანალიზაციო ქსელის გამართულად მუშაობის პრობლემაზე რეგისტრირებული იყო 51 განცხადება, ხოლო 2022 წელს - ამ კატეგორიის საქმეები თითქმის გაორმაგდა და 92 განცხადება შეადგინა.

განცხადებები ძირითადად მიმართული იყო შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყლის“ მიმართ.

გარდა რეგისტრირებული განცხადებებისა, წყალარინების  სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქმეებზე დამცველის სამსახური აწარმოებს სოციალური ქსელის მონიტორინგსაც, სადაც ყველაზე მეტად ჩანს მომხმარებლების პრეტენზიები წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან არასათანადო მომსახურებასთან დაკავშირებით.

„უკმაყოფილება სწორედ სასმელი წყლის მიწოდების წყვეტებსა და საკანალიზაციო სისტემის გაუმართავად მუშაობას შეეხება.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საანგარიშო წლის განმავლობაში კომპანიის შესაბამის სამსახურებში დაფიქსირდა 24 891 შეტყობინება თბილისში წყალარინების ქსელის გაუმართაობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული რიცხვი ნათლად ასახავს, თუ რა პრობლემების წინაშე დგას დედაქალაქის მოსახლეობა. ზემოხსენებული სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით, დღეში საშუალოდ 68 შეტყობინება დაფიქსირდა.

წყალარინების გაუმართაობა, რა თქმა უნდა, საჭიროებს დაუყოვნებლივ, სწრაფ რეაგირებას. თუ რამდენად უმკლავდება კომპანია თავისი რესურსებით (წარმოდგენილი ინფორმაციით, 15 ბრიგადა, სამუშაოს სხვადასხვა სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელთა შემადგენლობაში შედის 188 თანამშრომელი) პრობლემური საკითხების გადაწყვეტას, შეგვიძლია დავასკვნათ მომხმარებლების კმაყოფილების შეფასებით, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე მაღალია“, - აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის 2022 წლის ანგარიშში.

ამიტომ, ენერგოომბუდსმენის სამსახურის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და დამცველის სამსახურის წარმომადგენლებისაგან. ეს სამუშაო ჯგუფი ბიუროკრატიული მექანიზმების გვერდის ავლით ახორციელებს სატელეფონო, სოციალური ქსელით მიღებული ინფორმაციის შესწავლას.

„ამასთან, ოპერატიულად ხდება კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის ინფორმირება არსებული პრობლემის შესახებ და კომპეტენტური სამსახურის ჩართვა. სამუშაო ჯგუფის მუშაობა სცილდება დადგენილ სამუშაო საათებს და აღმოჩნდა ეფექტური. კომპანიამ დროულად გადაწყვიტა არაერთი პრობლემური საკითხი. წყალარინების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად მოქმედი ტექნიკური რეგლამენტი ადგენს აუცილებელ მოთხოვნებს საკანალიზაციო სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებასთან დაკავშირებით. ეს მოთხოვნები განსაზღვრავს ჩამდინარე წყლებში არსებული დაბინძურებული ნივთიერებების დასაშვებ ნორმებს (კონცენტრაციებს) და, შესაბამისად, მოითხოვს როგორც სისტემის ოპერატორებისგან, ასევე მომხმარებლებისგან გარკვეული ვალდებულებების შესრულებას. მაგალითად, მომხმარებლებს ეკრძალებათ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ისეთი ნივთიერებების ჩაშვება, რომლებმაც თვითონ ან სისტემაში არსებულ სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი ან აფეთქება, სისტემის დაზიანება ქიმიური ან მექანიკური ზემოქმედების სახით. აგრეთვე, დაუშვებელია მყარი და წებოვანი მასალების, კოროზიის გამომწვევი ან აგრესიული ნივთიერებების, ცოცხალი ორგანიზმების და ნებისმიერი რადიოაქტიული ნარჩენების შემცველი მოხმარებული წყლის ჩაშვება. ასევე აკრძალულია  ისეთი წყლის ან ნარჩენის ჩაშვება, რომელიც შეიცავს ცხიმებს, ცვილებს, საცხებს ან ზეთებს, ან ამ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ცხოველურ ან მცენარეულ მასას. ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება შეიძლება სისტემაში გამყარდეს კონკრეტული ტემპერატურული ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული ფაქტები ფიქსირდება მრავლად, რაც ქმნის წყალარინების სისტემის გაბიდვნისა და გაუმართავად მუშაობის მაღალ რისკს.

მკვეთრი არასასიამოვნო სუნის მქონე ნივთიერებები (ქიმიკატები, ოდორანტები, აქროლადი გამხსნელები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში იწვევენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას და ხელს უშლიან აგრეთვე სატუმბი სადგურებისა და წყლის გამწმენდი ნაგებობების ნორმალურ ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნიან გამწმენდ ნაგებობებში მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობასაც კი.

აღნიშნული საკითხი საჭიროებს მეტ ყურადღებას და მიგვაჩნია, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების საფუძველზე მომხმარებლებისათვის რეგულარულად უნდა ტარდებოდეს საინფორმაციო კამპანია. საინფორმაციო კამპანიის პირობებში უნდა შემუშავდეს კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისთვის.

შესაბამისად, მაღალი სამომხმარებლო ცნობიერების პირობებში ლიცენზიატ კომპანიებს შეექმნებათ ნაკლები პრობლემა წყალარინების ქსელის გაუმართავად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია  ენერგოომბუდსმენის ​2022 წლის ანგარიშში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები