დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა „მიგრანტების ეფექტს“ ჰქონდა - სოსო ბერიკაშვილი

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა „მიგრანტების ეფექტს“ ჰქონდა - სოსო ბერიკაშვილი

2023-03-21 15:05:51

2022 წელს ეკონომიკის ( მშპ- ს) ზრდას ჰქონდა თავისი გამომწვევი მიზეზები და მდგრადობასთან მიმართებით,  გარკვეული კითხვებიც ჩნდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან  ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა 2022 წლის მშპ-ს მონაცემების წინასწარი მაჩვენებლების შეფასებისას, რომელიც დღეს „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.  

„გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ არის მაღალი. ეს ჯერ კიდევ წინასწარი მონაცემებია და ცხადია, გარკვეული დაზუსტებები შემდეგ მოხდება. თუმცა, ამ ზრდას ჰქონდა თავისი გამომწვევი მიზეზები და გარკვეული კითხვებიც ჩნდება მის მდგრადობასთან მიმართებით. 

2022 წელს მშპ-ს ზრდა დიდწილად გამოწვეული იყო ქვეყანაში რუსეთიდან მიგრანტების შემოსვლით და ეს  აისახა როგორც ტურიზმის ასევე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც.

მაგალითად გაძვირდა ბინების ფასი, ამ ფონზე სამშენებლო სექტორი ძალიან წახალისდა. ასევე ეს ადამიანები, რომლებიც რუსეთიდან შემოვიდნენ გადახდისუნარიანები არიან და ამან ძალიან ბევრი სექტორი წაახალისა, სარესტორნო, ტურისტული და შესაბამის სექტორებშიც ზრდა გვქონდა.

რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია რომ არ ყოფილიყო, ეკონომიკური ზრდა მაინც გვექნებოდა, მაგრამ არა ამ  დონის. 2022 წელს დიდი წილი ეკონომიკურ ზრდაში მიგრანტებს აქვთ“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

ეკონომისტი ამბობს, რომ მდგრადობასთან მიმართებაში კითხვები იმიტომ არის, რომ რამდენ ხანს დარჩებიან ქვეყანაში მიგრანტები გაურკვეველია. 

„ჯერჯერობით აქ არიან, მაგრამ მომავალში რას აპირებენ ეგ არ ვიცით. ყველა კვლევითი ინსტიტუტი აკეთებს დასკვნას, რომ მიგრანტების შემოსვლა ეკონომიკისთვის დროებითი ეფექტის მომტანი იყო. ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ ამ მაჩვენებელს ხომ წინა მონაცემებს ვადარებთ? “, - ამბობს ბერიკაშვილი.

მისივე თქმით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა არ იქნება.

„წელს არ ველოდებით ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და არც მასთან მიახლოებულს. თუმცა არც 2022 წელს ველოდებოდით, მაგრამ „შეძენილმა ეფექტმა“ თავისი, როლი შეასრულა. ეს ეფექტი ამოწურული არ არის, უბრალოდ გაურკვეველია. პროგნოზების გაკეთება ეკონომიკაში რთულია და მით უმეტეს ახლა“, - აცხადებს ბერიკაშვილი. 

2022 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 71 754.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 19.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წელს 8.6 პროცენტით განისაზღვრა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები