დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნეაპოლის მიმართულებით ე.წ. კვარა-ტურებზე მოთხოვნა მზარდია - გამყვანი ტურიზმის ასოციაცია

ნეაპოლის მიმართულებით ე.წ. კვარა-ტურებზე მოთხოვნა მზარდია - გამყვანი ტურიზმის ასოციაცია

2023-02-28 17:30:15

ქართველი მოგზაურებისთვის პანდემიის შემდგომ პერიოდში ქვეყნების გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა 3-ჯერ და მეტადაც არის გაზრდილი.

როგორც გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი მამუკა კელაურაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ყველაზე დიდი მოთხოვნა ნაპოლზეა, ე.წ. კვარას ტურებზე, სადაც მოხვედრას ქართველები ყველაზე მეტად ცდილობენ. გარდა ამისა, როგორც მამუკა კელაურაძე აღნიშნავს,

ჯგუფური ტურები თანდათან უფრო მასშტაბური ხდება და მატულობს ინტერესი ეგზოტიკური ქვეყნების მიმართ, რა მხრივაც გასულ წლებში ყველაზე ნაკლები მოთხოვნა იყო.

„ქართველები ადრე სამოგზაუროდ უმეტესად ევროპას ირჩევდნენ, ასევე თურქეთსა და ეგვიპტეს, მაგრამ გეოგრაფია გაფართოვდა. ბოლო წლებში გააქტიურდა ეგზოტიკური ტურები აღმოსავლეთში - ტაილანდი, სინგაპური, მალაიზია, ინდოეთი, შრი-ლანკა და სხვა, ძირითადად იმ ქვეყნებში, სადაც  ვიზა არ სჭირდებათ ან ონლაინ შესაძლებელია საბუთების მომზადება და ჩვენი მოქალაქეების მოხვედრა შედარებით ადვილია.

იქ, სადაც რთულია და ვიზა სჭირდება, მაგალითად, მაროკო, დიდი ინტერესის მიუხედავად, მოხვედრა რთულია, რაღაც გზებს მაინც ვპოულობთ, მაგრამ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული. დღესდღეობით ყველაზე პოპულარული „კვარას" ტურებია, ნეაპოლში, ამ მიმართულებაზე თითქმის მთელი საქართველო დაიძრა. ადრე ამ ქალაქში იშვიათად თუ მოხვდებოდნენ ჩვენი მოქალაქეები, ახლა, 100%-ით არის გააქტიურებული ეს მიმართულება და ჩარტერული რეისებიც სრულდება", - ამბობს კელაურაძე.

რაც შეეხება ტარიფებს, მისივე ინფორმაციით, პანდემიის პერიოდთან შედარებით, ფასები დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი და ცვლილება აბსოლუტურად ყველა მიმართულებას ეხება.

„პანდემიამდელ პერიოდს თუ შევადარებთ, ყველაფერი გაძვირებულია, საშუალოდ 20-30%-ით ნებისმიერი მიმართულება განთავსების ფასებით დაწყებული, მუზეუმის ბილეთების ჩათვლით.  გარდა ამისა, პანდემიამდე ჯგუფური ტურები თითქმის არ იყო, ინდივიდუალურად მიდიოდნენ ან სამეგობრო წრე თუ შეიკრიბებოდა,.

ახლა ორგანიზებულად ჯგუფები მიდიან კულტურული ტურების მიმართულებით, ფართო არჩევანიცაა. ყველა მიმართულება ფაქტობრივად მოთხოვნადია, განსაკუთრებით, რაც უფრო იშვიათია და ეგზოტიკური. მოკლევადიანი ტურებით უფრო ევროპა გამოირჩევა.

დასასვენებლად ჯერჯერობით ეგვიპტეა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ცოტა ხანში თურქეთი გააქტიურდება", - ამბობს მამუკა კელაურაძე Business Insider Georgia- თან.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.2-ჯერ მეტია.

„საქსტატის" მონაცემით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.8 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს გაუტოლდა, ვიზიტზე გაწეულმა საშუალო ხარჯმა 1 078.6 ლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები