დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია უცხოელი სტუდენტების სტატისტიკა საქართველოში და რა ფაკულტეტებით ინტერესდებიან - კვლევა

როგორია უცხოელი სტუდენტების სტატისტიკა საქართველოში და რა ფაკულტეტებით ინტერესდებიან - კვლევა

2023-03-15 12:41:20

საქართველოში 2020-2021 სასწავლო წელს, ჯამურად, უცხოელ სტუდენტების, მათ უცხოელ მეგობრებსა და ოჯახის წევრების მიერ გაწეულმა ცხოვრების ხარჯმა 132 მილიონი აშშ დოლარი - შეადგინა. ნათქვამია კვლევაში, რომელიც PMCG-მ გამოაქვეყნა. 

„ბოლო წლებში საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2013-2014 აკადემიური წლიდან 2022- 2023 აკადემიური წლის ჩათვლით, მათი რაოდენობა 3,508-იდან (27 ქვეყნიდან) 20,690-მდე (80 ქვეყნიდან) გაიზარდა, ზრდის საშუალო წლიურმა ტემპმა კი 22.3% შეადგინა.

საანალიზო პერიოდში, ასევე, შესამჩნევად გაიზარდა უცხოელი სტუდენტების წილი საქართველოში ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობაში - 2.9%-დან 12.6%-მდე. იუნესკოს მიხედვით, უცხოელი სტუდენტების რაოდენობის დინამიკის სხვა ქვეყნებთან შედარებისას ჩანს, რომ საქართველოში უცხოელი სტუდენტების მობილობის მაჩვენებელი გაზრდილია.

2015-2021 წლებში საქართველოში უცხოელი სტუდენტების მობილობის მაჩვენებელი 3.7-დან 9.1 ქულამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით 2021 წელს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებდა.

უცხოელი სტუდენტების რაოდენობის დინამიკის ანალიზი მათი ეთნიკური კუთვნილების მიხედვით აჩვენებს, რომ 2013-2014 სასწავლო წლიდან 2016-2017 სასწავლო წლებში საქართველოში უცხოელ სტუდენტებს შორის ყველაზე მეტი იყო აზერბაიჯანელი (საშუალოდ 32%). თუმცა აზერბაიჯანელი სტუდენტების წილი 2017- 2018 წლებიდან, 2022-2023 წლების ჩათვლით, საგრძნობლად შემცირდა. ამ პერიოდში კლების წლიური ტემპი იყო -22%.

ამავე დროს, 2017-2018 წლებიდან, 2022-2023 წლების ჩათვლით, საგრძნობლად გაიზარდა ინდოელი სტუდენტების რაოდენობა. უფრო ზუსტად კი ამ პერიოდში ინდოელი სტუდენტების წილი გაიზარდა 24 პროცენტული პუნქტით (პპ-ით) და შეადგინა 47%.

აღსანიშნავია, რომ საანალიზო პერიოდში ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა იორდანიელი სტუდენტების რაოდენობა. 2013-2014 აკადემიური წლიდან 2019-2020 აკადემიური წლის ჩათვლით, საქართველოს უნივერსიტეტებში არცერთი იორდანიელი სტუდენტი არ სწავლობდა. თუმცა 2022-2023 აკადემიურ წელს მათი რიცხვი შეადგენს 1,442-ს, რაც სიდიდით მეორე მაჩვენებელია ქვეყნების მიხედვით უცხოელი სტუდენტების განაწილებაში.

წილი იმ სტუდენტებისა, რომლებიც სწავლობენ მედიცინის, ჯანდაცვის, ფარმაცევტიკისა და სტომატოლოგიის პროგრამებზე, 2013-2014 აკადემიური წლიდან 2022-2023 აკადემიური წლისთვის საგრძნობლად, 35 პპ-ით გაიზარდა და 88%-ს მიაღწია. ამ კატეგორიის წილი ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით შესამჩნევად კი ის 2017-2018 სასწავლო წლიდან 2018-2019 სასწავლო წლისთვის გაიზარდა (17 პპ-ით).

ამავე დროს, წილი უცხოელი სტუდენტებისა, რომლებიც სწავლობენ ბიზნესის, მართვისა და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013-2014 სასწავლო წლიდან 2016-2017 სასწავლო წლისთვის გაიზარდა. თუმცა 2017-2018 სასწავლო წლიდან ამ კატეგორიის სტუდენტების წილმა შემცირება დაიწყო და 2022-2023 სასწავლო წლის მდგომარეობით 4%-ს შეადგენს.

ამ კატეგორიის შემცირება ყველაზე შესამჩნევი იყო 2018-2019 სასწავლო წელს (11 პპ-ით). გარდა ამისა, შემცირდა წილი უცხოელი სტუდენტებისა, რომლებიც სწავლობდნენ სოციალურ, ბიჰევიორისტულ, ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და ხელოვნების საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამ კატეგორიაში 2013-2014 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლისთვის მაჩვენებელი 12%-იდან 2%-მდე დაეცა.

 PMC კვლევითი ცენტრის გამოთვლები უნდა აღინიშნოს, რომ საანალიზო პერიოდის განმავლობაში, ყოველწლიურად მოთხოვნა უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე ნაკლებად დივერსიფიცირებული ხდებოდა და ჩარიცხვები სამედიცინო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე იზრდებოდა, რაც ძირითადად ინდოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდითაა განპირობებული, რადგან მათი უმეტესობა სწორედ ამ პროგრამებზე სწავლობს.

უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა საქართველოს უნივერსიტეტებში უცხოენოვანი სასწავლო პროგრამების რაოდენობაც.

მაგალითად, 2013-2014 აკადემიური წლიდან 2022-2023 აკადემიური წლისთვის უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა 61-დან 183-მდე გაიზარდა. მათგან უმეტესობა ინგლისურენოვანია (158), ხოლო 19 რუსულენოვანი. 2013-2014 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლისათვის საბაკალავრო პროგრამების რაოდენობა 34-დან 91-მდე, სამაგისტრო პროგრამები 13-დან 46-მდე, ხოლო სადოქტორო პროგრამები 6-დან 13-მდე გაიზარდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამების რაოდენობა 8-დან 33-მდე გაიზარდა. ხოლო უნივერსიტეტების რაოდენობა რომლებიც სტუდენტებს უცხოენოვან საგანათლებო პროგრამებს სთავაზობენ 11-დან 34-მდე გაიზარდა. 2022-2023 აკადემიურ წელს, წინა წელთან შედარებით, პროგრამების რაოდენობის ზრდა შესამჩნევია ყველა აკადემიურ საფეხურზე, დოქტორანტურის გარდა, რომლის რაოდენობაც იგივე დარჩა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები